logo
ENG



როგორ ხსნის ჯანდაცვა მსოფლიო ბანკის Covid-19-სთვის განკუთვნილი თანხით 12 მანქანის შეძენას

04 მარ 202116:25
3 წუთის საკითხავი
 
როგორ ხსნის ჯანდაცვა მსოფლიო ბანკის Covid-19-სთვის განკუთვნილი თანხით 12 მანქანის შეძენას

ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ბანკისგან მიღებული სახსრებით 12 ერთეული ავტომაქანის შეძენას გეგმავს, რასაც ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები სრულფასოვნად შესრულებით ხსნიან.

დონორის პროექტი COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფ რეაგირებას ითვალისწინებს, მათ შორის, იგულისხმება პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება. დოკუმენტაციის თანახმად, იგეგმება შემდეგი სახეობის ავტომანქანების შესყიდვა: 

  • ავტომობილი სედანი - 7 ერთეული;
  • ავტომობილი მინივენი - 1 ერთეული;
  • ავტომობილი პიკაპი - 1 ერთეული;
  • ჯიპის ტიპის ავტომობილი (Off Road) - 3 ერთეული.

ვებგვერდზე დამატებითი ინფორმაციის სახით აღნიშნულია, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და აზიის განვითარების ბანკთან დადებული ხელშეკრულებების ამოცანების "ეფექტურად განსახორციელებლად" ცხადდება "ფასთა კოტირება" 12 ავტომანქანის შესასყიდად. მათი ფასი ჯერჯერობით სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული არ არის. წინადადებების მიღება 5 მარტს სრულდება.

სააგენტოში ახალი ავტომობილების საჭიროებას იმით ხსნიან, რომ მათ ბალანსზე, ჯამში, 3 გაფუჭებული და 5 მუშა მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი ირიცხება.

მათი განმარტებით, ავტომობილები სააგენტოს საჭიროებებს მოხმარდება, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მონიტორინგის დანაყოფის კლინიკებში ტრანსპორტირებას ინსპექტირებისთვის და საკარანტინო სივრცეებში სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებას.

"იმისთვის, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა ფუნქცია-მოვალეობები სრულფასოვნად განახორციელონ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი ავტომობილებით უზრუნველყოფა. მსოფლიო ბანკმა ჯეროვნად შეაფასა არსებული პრობლემები და საჭიროებები და გაითვალისწინა ჯეს-ის თხოვნა 12 ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის თაობაზე", - აცხადებენ სააგენტოში. 


close დახურვა