შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი დიდ ქონებას ფლობს. მის საკუთრებაშია ფეშენებელური სახლები, ჰექტრობით მიწები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ვაკეში 7-სართულიანი შენობა და კომერციული ფართები.
მისი ქონების ჩამონათვალი დიდია, ღირებულება კი რამდენიმე მილიონი დოლარია, თუმცა თავად ფალავანდიშვილი, თავს მილიონერად არ მიიჩნევს. კაცს, რომელიც ამბობს, რომ ბევრი ფული არ აქვს დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში შვიდსართულიანი შენობა აქვს. სააქციო საზოგადოება საქწყალპროექტი, რომლის მფლობელი და დირექტორიც თავად ფალავანდიშვილია, მოსაშვილის 11 ნომერში მდებარეობს. აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს, რადგან შენობის პირველ სართულზე არაერთი კვების ობიექტია განთავსებული. თითოეული მეიჯარე, ფართს, სწორედ რადიკალი ჰომოფობისგან ქირაობს.
შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ამ კაფე-ბარებიდან ერთ-ერთს, ფართი თვეში 4000 დოლარად აქვს ნაქირავები. საკუთარი ქონების გაქირავების დეტალები, თავად ფალავანდიშვილმაც გაგვაცნო.
საქწყალპროექტის შენობაში, სადაც უმეტესად ბნელა, ფალავანდიშვილის კიდევ ერთი ბიზნესის ოფისია განთავსებული. ერდო ჯგუფი ცნობილი საბროკერო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე წლებია ოპერირებს და ძირითადად პრესტიჟულ უბნებს ემსახურება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებულია მომსახურების საკომისიოც, რომელიც მის კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ მაღალია.
"ერდო ჯგუფიც და ყველაფერი არის საჭმელი ფული, არ ვართ სიღარიბის ზღვარზე, მაგრამ, ეს ის ფულია არაა, რომელიც ქონებას შეგვაძენინებს. არ მაქვს იმის საშუალება, რომ ახალი ბინა ვიყიდო. ჩემი შვილი დაოჯახებულია და ამდენი ხანია ბინა ვერ ვუყიდე, ნაქირავებში ცხოვრობს", - ამბობს ფალავანდიშვილი.
სინამდვილეში კი გურამ ფალავანდიშვილის ვაჟის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის სახელზე საჯარო რეესტრში ქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართი, 84 კვარდატული მეტრი ფიქსირდება. თავად კი ასევე პრესტიჟულ უბანში, ამაღლების ქუჩაზე, 256 კვადრატულ ძველებურ სახლში ცხოვრობს.
ფალავანდიშვილი თბილისის გარდა ძვირადღირებულ ქონებას ფლობს კახეთში. 600 კვადრატული მიწის ნაკვეთი და ასევე 600 კვადრატზე აშენებული 447 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი. ქონება მთლიანობაში ნახევარ მილიონ დოლარამდე აღწევს.
ქონების ჩამონათვალი:
საქწყალპროექტის კუთვნილება - დასასვენებელი კომპლექსი 12 ნაგებობით, დაბა სიონი - 6626 კვადრატული მეტრი
წავკისი - მიწის ნაკვეთი 0.12 ჰექტარი
სოფელი ვაზისუბანი - 2 სხვადასხვა ადგილას, მთლიანობაში 4700 კვადრატული მეტრი საკარმიდამო ნაკვეთი.
წყნეთი, ახალდაბა - 300 კვადრატული პირად მფლობელობაში, ხოლო 741 დედასთან და დასთან ერთად აქვს გაფორმებული.
ფალავანდიშვილის და, ნინო ფალავანდიშვილი, რომელიც საბროკერო კომპანია ერდო ჯგუფშიც მუშაობს, ყაზბეგის გამზირზე 345 კვარდატულ მეტრს, თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის 34-ში კი 2 კომერციულ ფართს ფლობს, სულ 77 კვადრატი.
რადიკალი ჰომოფობის ქონება, რომელიც შაბათის ფორმულამ ოფიციალური, საჯარო წყაროებიდან დათვალა, სავარაუდოდ მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც გურამ ფალავანდიშვილი ფლობს. არ არის გამორიცხული არანაკლები ღირებულების მიწის ნაკვეთები, კომერციული თუ საცხოვრებელი ფართები ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ჰქონდეს გადაფორმებული. მილიონიანი ბიზნესიდან შემოსული თანხებით კი ჰომოფობი საკუთარ რადიკალურ დაჯგუფებებსა და ქმედებებს აფინანსებს.