„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკ მიერ ზუგდიდში მოქალაქეებისთვის პირბადეების დარიგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ორგანიზატორები ხალხის მსგავს ნაკადს არ ელოდნენ.
„ფორმულა“ მელიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე.
სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით.
ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.
როგორც კი საფრთხე გაანალიზდა
დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.
ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.
ზუგდუდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა“, - წერს მელია.
შეგახსენებთ, ზუგდიდში „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარომმადგენლებმა მოსახლეობას პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგეს. ადგილზე ათობით მოქალაქე მივიდა. სამართალდამცველების მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, მათ რეკომენდაციებით განსაზღვრული დისტანცია არ დაიცვეს.