საპარლამენტო ოპოზიციამ საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა უკვე წარმოადგინა. ისინი მზად არიან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საკითხთან დაკავშირებით იმსჯელონ, თუმცა მათ ეკონომიკური გუნდისგან გამოხმაურება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
ოპოზიციის განცხადებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის შექმნა მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯები და მოიზიდონ საგარეო რესურსები, რათა არსებული გამოწვევები ქვეყანამ დაძლიოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში არსებული მდგომარეობს დღითიდღე რთულდება. მისივე განცხადებით, ქართული ოცნება გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან ივანიშვილთან შეთანხმებული არ აქვთ.
„დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ე.წ. არაფორმალური მმართველობის გამო. გადაწყვეტილებების მიღებიდან მის აღსრულებამდე უზარმაზარი დრო იკარგება. ეტყობა, არ არის ჯერ ივანიშვილთან შეთანხმებული. ალბათ ბუნკერშია და ოცნების დეპუტატების მასთან კომუნიკაცია რთულდება, ვინაიდან მთავრობა ვერასდროს ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მასთან შეთანხმებული არ იქნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით კი, საგანგებო სიტუაციის დროს სწრაფი და დრამატული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა ეკონომიკური გამოწვევები სწრაფად დაიძლიოს.
„ამ ერთთვიან პერიოდში, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი და დრამატული ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ იმ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოფა, რომლებიც დაზარალდნენ გაჩერებული სამსახურებით და მეორე - ეკონომიკური გამოწვევები რაც გვექნება, იქნას მალე დაძლეული. ევროპულმა საქართველომ ამ თემაზე ხელისუფლებას უკვე შესთავაზა თავისი ხედვა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შეთავაზებას განიხილავენ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.