საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რთულია პროგნოზირება, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს. თუმცა რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა.
„ისე შეიწყალებს, როგორც დაგიბარებიათ. შეიწყალებს კი არა, უკვე ფიქრობს, როგორ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. გუშინ არ აპირებდა შეწყალებას და დღეს რომ შეიწყალოს, აღმოჩნდება, რომ ნამდვილად არ არის დამოუკიდებელი. ის არის მორჩილების სიმბოლო და ახლა უნდა გამოძვრეს იმ უხერხულობიდან, რომელშიც ჩავარდა. მისი დამოუკიდებლობა მთავრდება იქ, სადაც იწყება იმ ადამიანების ინტერესები, რომლებმაც მოიყვანეს პრეზიდენტად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეწყალების საკითხს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
„არავითარი ცვლილება არც კანონში, არც დებულებაში საჭირო არ იყო - ყველაფერი მშვენივრად იყო გაწერილი. თუ პრეზიდენტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა შეწყალების საკითხს, წაიკითხავდა იმ ადამიანების საქმეს, რომლებსაც იწყალებდა - ასეთ შემთხვევაში ის არ დაუშვებდა იმ შეცდომებს, თუ ეს შეცდომა იყო.
პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციას აძლევენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უფრო მძიმე, ვიდრე იყო და, ამავდროულად, ამ საქმის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი კითხვა. მათივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუკი ამ კითხვებს თავად მამალაძე გასცემდა პასუხს.
„მამალაძის საქმეში, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ არის ბევრი საეჭვო გარემოება. და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პრეზიდენტის შეწყალების კომპეტენცია თავის თავში გულისხმობს მართლმსაჯულების განხორციელებისას წარმოქმნილი უზუსტობების აღმოფხვრასაც“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ.
დღეს სამების საკათედრო ტაძრის დატოვებისას სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი არ გააკეთა საკითხზე, შეიწყალებს თუ არა გიორგი მამალაძეს.