ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების, იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს.
მოთხოვნას საქმის გადასინჯვის შესახებ, 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, რომელმაც უნდა დაადგინოს განიხილავს თუ არა საქმეს თავიდან ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.
„ჩვენ მიგვაჩნია რომ 18 ივლისი გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ უნდა დაადგინოს რა დაირღვა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. თუმცა აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა, შეიძლება, ამ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, აღსრულება გამორიცხოს, რადგან სასწრაფო წესით გადააფორმეს მათ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის სახელზე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილდება, ტელეკომპანია შეიძლება საერთოდ გაკოტრებული იყოს. თუ საჩივარი დაკმაყოფილდება, ნიშნავს იმას რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეული იყო შიდა სასამართლოებში საქმის განხილვისას და საქმის განხილვა თავიდან უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
იურისტი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის საკითხთან, სამართლებრივი შემხებლობა არ აქვს.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საკითხის განხილვა, სამართლებრივი შემხებლობა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მოთხოვნასთან არ ექნება. აქიმიძის და დვალის მოთხოვნაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია არსებითად, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მათ სარჩელი არ შეუტანიათ სასამართლოში გარდა იმ ბოლო სარჩელისა. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ყარამანაშვილები დაიბრუნებენ თუ ქიბარ ხალვაშს დარჩება, სამართლებრივად ამას შემხებლობა არ ექნება,“ - განაცხადა კოჟორიძემ.