აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ სამშვიდობო გეგმა ამერიკის მიერაა მომზადებული და ეფუძნება როგორც რუსული მხარის, ასევე უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებს.
"სამშვიდობო წინადადების ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია. ის შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის ის ეფუძნება რუსული მხარის წინადადებებს, თუმცა ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება"- წერს რუბიო X-ზე.
22 ნოემბერს რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ რაუნდსმა Halifax-ის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ მარკო რუბიომ მას და სხვა სენატორებს დაურეკა და უთხრა, რომ აშშ სამშვიდობო გეგმის მხოლოდ მიმღებია. სენატორის თანახმად, რუბიომ მკაფიოდ განაცხადა, რომ გეგმა არაა აშშ-ის მიერ შემუშავებული.
დამოუკიდებელი სენატორის, ანგუს კინგის თქმით, მარკო რუბიომ მათ განუმარტა, რომ სამშვიდობო გეგმა არ არის ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია და ის რუსეთის "სურვილების სიას" წარმოადგენს.
სენატორი კინგის ამ განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ტომი პიგოტი და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.
პიგოტის თქმით, გეგმის ავტორი შეერთებული შტატებია, როგორც რუსების, ასევე უკრაინელების წინადადებების გათვალისწინებით".
, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.
ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.
