ნიუ იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა.
შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში „კონსტრუქციული როლი“ შეასრულოს.
„ვფიქრობ, ორივე მხარემ გამოთქვა ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, რაც მოიცავს მარცვლეულსა და ენერგეტიკას. ცხადია, ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ორივე მხარე ამით დაინტერესებულია“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს „ომს ვერ დაასრულებს, შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმებისთვის საფუძველი ან პლატფორმა გახდეს“. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ომი ბრძოლის ველზე არ დასრულდება“ და ყველას ესმის, რომ ის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის” მომავალ სამიტზე მიწვეულია. რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ პუტინი მიწვევას მიიღებს, რადგან მისი თქმით, სამიტზე დასწრება რუსეთის პრეზიდენტს „დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს“.
რუბიოს თქმითვე, როგორც რუსეთმა, ისე უკრაინამ ენერგეტიკა ომის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა. როგორც მან განმარტა, რუსეთისთვის ეს ნიშნავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობსა და გაზს, უკრაინისთვის კი - ელექტროენერგიის ქსელსა და ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაკარგვის შიშს. „გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ორივე მხარემ ენერგეტიკა ომის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა... თუმცა ვფიქრობ, ღირს ძალისხმევის გაღება იმისთვის, რომ ეს მოხდეს, რადგან ეს სასარგებლო იქნება როგორც მსოფლიოსთვის, ისე ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
