logo
ENG



რურუა: ჩატარდა ჩემი რეალური ჩხრეკა და იქ ჩანს, რომ გასაღების, საფულის გარდა, მე არაფერი არ მქონდა

18 ივნ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

„მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ დღეს კიდევ ერთხელ მომართა მოსამართლეს სასამართლო პროცესზე. როგორც რურუა აცხადებს უკვე 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება და იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაინტერესდებოდა, იმ გარემოებებით თუ რეალურად როგორ ჩატარდა მისი ჩხრეკა, მაშინ დარწმუნდებოდა რომ ის უდანაშაულოა.

„დღეს შესრულდა 7 თვე რაც დამაკავეს და ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში. ეს უკანონობა, რომ არ გაგრძელებულიყო საკასაციო სასამართლოს ერთი განკარგულებით შეეძლო მთლიანად ნათელი მოეფინა ამ უკანონობისთვის, რაც მდგომარეობდა შემდეგში, რომ ვიდეო ჩანაწერები ამოეღოთ პოლიციის სამმართველოდან სადაც ჩატარდა ჩემი რეალური ჩხრეკა და იქ ჩანს, რომ გასაღების, საფულის გარდა მე იქ არაფერი არ მქონდა“,-განაცხადა რურუამ სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მეწილე 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“.

აღსანიშნავია, რომ რურუას არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ საერთაშორისო პარტნიორების ნაწილიც პოლიტპატიმრად მოიხსენიებს. დასავლელმა ლიდერებმა ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.


close დახურვა