logo
ENG



სამადაშვილი რურუას შეწყალებაზე: შეთანხმების პირველი და ძალიან ნათელი შედეგი

27 აპრ 202117:42
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი რურუას შეწყალებაზე: შეთანხმების პირველი და ძალიან ნათელი შედეგი
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს არის შეთანხმების პირველი და ძალიან ნათელი შედეგი.

სამადაშვილის თქმით, რურუას გათავისუფლების შემდეგ სკეპტიკოსები იმედია, მიხვდებიან, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო მათი გაკრიტიკება შეცდომა იყო.

მისივე განცხადებით, ახლა იწყება მუშაობა მეორე პოლიტპატიმრის ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის.

"პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების მანძილზე ძალიან უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაგებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, როდესაც ისინი ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ წელიწადნახევარია ვითხოვთ, მართლაც იქნება გათავისუფლებული, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ დავხუროთ საერთოდ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, შემდეგ არჩევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი უკვე ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის", - თქვა სამადაშვილმა ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა. შეწყალების აქტი მან დღეს, 27 აპრილს გამოსცა. 


close დახურვა