logo
ENG



რურუამ სასამართლოს ჩვენება მისცა - საქმე დასკვნით ფაზაშია

15 ივლ 202018:22
3 წუთის საკითხავი
clock 525

გიორგი რურუას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა.  დღეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ თავად ისაუბრა თუ რა ხდებოდა 18 ნოემბერს პარლამენტთან, რას აკეთებდა იქ, როგორ გააჩერეს უკვე სამართალდამცველებმა ბაგებში, და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

როგორც რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, „მთავარი არხის“ მეწილემ პროცესზე  მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

„გიორგი რურუამ დეტალებში აღწერა ის ადამიანები ვინც მის დაკავებაში მონაწილეობდნენ, რა გზით წაიყვანეს, იქ ვინ დახვდათ, რა ტანსაცმელი ეცვა. გიორგი რურუამ ასევე ისაუბრა, რომ შეჩერების ადგილას ჩხრეკა არ ყოფილა, მისგან ნივთები არავის არ ამოუღია. პოლიციაში შესვლისას უსაფრთხოების თანამშრომელმა შეამოწმა და შენობაში შეიყვანეს და იქ ამოიღეს მისი პირადი ნივთები. მან ისაუბრა, რომ პოლიციაში მოხდა მისგან დნმ-ის ნიმუშის უკანონოდ აღება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ხვალ ბრალდების მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას, ხოლო 29 ივლისს დაცვის მხარე. სავარაუდოდ, რურუას პროცესი ამავე დღეს დასრულდება.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი რურუაც.

"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

იმას, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ადასტურებს დიალოგის ფასილიტატორების განცხადებები, რომლებიც მხარეებს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და "სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციის აღქმაზე" რეაგირების პირობას უსვამენ ხაზს.

13 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით მიიღო.

ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ:

ევროპარლამენტი მიესალმება ორი დაპატიმრებული ოპოზოციონერი ლიდერის შეწყალების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მხრიდან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დაძაბულობის შემცირებისა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენმოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად შეასრულონ შეთანხმების შინაარსიც  და სულისკვეთებაც, სახელდობრ, უზრუნველყონ, რომ საარჩევნო რეფორმის ყველა ელემენტი აისახოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში და დაინერგოს რაც შეიძლება სწრაფად.

ამასთან, ევროპარლამენტარები გამოხატავენ წუხილს „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ  ბოლოდროინდელი საქმეების გამორომელმაც დაასუსტა ნდობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და შესაძლოაუარყოფითად იმოქმედოს  ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე.

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.

ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან. 

 

 

 


close დახურვა