გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს დნმ-ს ნიმუშს ძალის გამოყენებით უღებენ. ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინეს, აღნიშნული ქმედება კი სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი დარღვევა. პირველი - არის დაცვის უფლება დარღვეული, რადგან პოლიციელებს არ აქვთ უფლება ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება და სწორედ ამ დღეს მოგვატყუეს, შეგვითანხმდნენ სხვა დროზე და ჩუმად შევიდნენ გიორგი რურუასთან პირადი ნივთების ასაღებად. კადრებში დაფიქსირებულია, თუ როგორ ჩადიან დანაშაულს პოლიციელები, რომლებიც იღებენ პირად ნივთებს და მერე უკვე აყალბებენ დოკუმენტებს. მათ შედგენილი აქვთ, ოქმი, რომ თითქოს საკანში შეადგინეს ამოღების ოქმი, თითქოს დალუქეს ამოღებული ნივთები, შესთავაზეს გიორგის ხელმოწერა თუმცა კადრებში ჩანს, რომა არაფერი არ ხდება გარდა იმისა, რომ პარკებში ყრიან ნივთებს და გარბიან. ეს არის მტკიცებულებების ფალსიფიცირება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. რურუას დაკავების დღიდან ვამბობდით, რომ ის ციხეში გაყალბებული დოკუმენტების გამო ზის, მაშინ ამის პირდაპირი მტკიცებულება არ გვქონდა, მაგრამ გუშინ გავრცელებული კადრების მიხედვით, უტყუარად დასტურდება პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გიორგი რურუას საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს არსებითი განხილვა იწყება. სხდომა პირველ საათზეა ჩანიშნული. დაცვის მხარე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს.