logo
ENG



რურუას ადვოკატი: ხელისუფლება პროკურატურას იყენებს ისე, როგორც ტროლების ფაქრიკა-ქარხნებს

03 ივნ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები - გამომძიებლები და ექსპერტები დაიკითხებიან. 

რურუას ადვოკატები ძმები თორაძეების საქმესაც გამოხმაურნენ და ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უშინაარსოა. 

"პროკურატურამ უშინაარსო განცხადება გაავრცელა, რადგან არ იკვეთება საერთოდ რა უნდათ. ამ შემთხვევაში ხელისუფლება პროკურატურას იყენებს ისე, როგორც ტროლების ფაქრიკა-ქარხნებს და ცდილობენ ბინძური კამპანიის აგორებას გიორგი რურუას წინააღმდეგ. თუმცა, ეს ვერ უშველის პროკურატურას, რადგან ამ განსახილველ საქმეში გიორგი რურუა უდანაშაულოა, ისაა პოლიტიკური პატიმარი და ამას ხელისუფლება ვერანაირი ბინძური კამპანიით, თუ მოგონილი ჭორებით, ვერ გადაფარავს. მოსმენილი მაქვს თავად თორაძეების საუბარი, რომელიც გაკეთებულია 1992 წელში, სადაც ისინი საუბრობენ მათსა და სხვა პირების დაპირისპირებაზე. იქ ახსენებენ სხვადასხვა სახელს, მაგრამ არა გიორგი რურუას",-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

რაც შეეხება შეკითხვებს, ადვოკატებს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია გამომძიებელი ვახტანგ დაბრუნდაშვილთან დაკავშირებული საკითხი. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, იმ დროს, როცა გამოძიების პროცესში ჩაერთო ვახტან დაბრუნდაშვილი, უკვე ყველა საქმე შესრულებული იყო. 

"მას შემდეგ, რაც მოიპოვეს უკანონო ნივთები და ჩვენ მოვიპოვეთ აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომასალა, გავასაჯაროვეთ კიდეც, ამის შემდეგ საქმეს ჩამოაშორეს ზურა ბერუაშვილი და ის გადაეწერა ვახტანგ დაბრუნდაშვილს. თითქმის ყველა საგამოძიებო პროცესი შესრულებული იყო და შესაბამისად დაბრუნდაშვილის მონაწილეობით მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა",-აცხადებს საძაგლიშვილი. 

ექსპერტებისგან კი დაცვის მხარეს აინტერესებს როგორ შეიძლება დნმ-ის კვალი გადავიდეს იარაღზე. ასევე დაცვის მხარე დაინტერესებულია იმ კვლევის შედეგებით, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ რურუას თითის ანაბეჭდები ცეცხლსასროლ იარაღზე არ არის.

"ამ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტების დასკვნა ადასტურებს, რომ ჩადებულ იარაღზე გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები არ არის. რაც შეეხება გენეტიკოსს, მასთან გვექნება კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება დნმ-ის გადასვლა ადამიანიდან სხვადასხვა ნივთზე, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღზე",-აცხადებს საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას მხარეებს შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს. 


close დახურვა