logo
ENG



რურუას ადვოკატი:სასიხარულოა, რომ ევროპარლამენტარები ამ საქმეს გაყალბებულად აფასებენ

20 მაი 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის  საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ თუკი რაიმე ახალი გარემოება არ გამოიკვეთება, დღეს ბრალდებულის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას აღარ დააყენებენ.

„აღკვეთის ღონისძიების შეცვლას სჭირდება ახალი გარემოება. ჩვენ წინა სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა და მივიღეთ დაუსაბუთებელი და უკანონო უარი. გუშინწინდელი სხდომის შემდეგ არაფერი შეცვლილა და შესაბამისად, ახალი გარემოება საქმეში არ გვაქვს, რომლის საფუძველზეც მოვითხოვდით გიორგი რურუას გათავისუფლებას. იმ პირობებში როდესაც სასამართლო არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, მნიშვნელოვანია ყველასთვის აშკარა გავხადოთ, რომ გიორგი არის უდანაშაულო, მას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მათ შორის ევროპარლამენტარები საუბრობენ გაყალბებულ ბრალდებაზე და აფასებენ ამ საქმეს როგორც გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმეს“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რურუას კიდევ ერთმა უფლებადამცველმა, ლევან სამუშიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ბრალდებული არ გათავისუფლდება, ეს შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და მისი გათავისუფლების შუამდგომლობით ადვოკატებმა სასამართლოს 2 დღის წინ მიმართეს, თუმცა მოსამართლე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


close დახურვა