logo
ENG



რურუას გათავისუფლება არის პრინციპული, რომ შესრულდეს შეთანხმება - ვაშაძე

17 მაი 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო ცვლილებები და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის მთავარი თემა.

პოლიტიკური ლიდერები ხვალ 2 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბებიან და იმსჯელებენ მომავალ ნაბიჯებზე.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, მისი პირადი გეგმები სწორედ მომავალ არჩევნებსა და ოპოზიციის ერთიანობას უკავშირდება. ოქრუაშვილის განცხადებით, ის ყველანაირად შეუწყობს ხელს ხელისუფლების ოპონენტთა ერთიანობას.

„აქტიური პოლიტიკური წელია. მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება ქვეყანას ოქტომბერში. ჩემი გეგმები უკავშირდება არჩევნებს. ყველანაირად ვიქნები მოტივირებული, რომ ოპოზიციის ერთიანობას ხელი შევუწყო არა მარტო მაჟორიტარული ოლქების განაწილებით, არამედ უფრო ღრმა და გრძელვადიანი თანამშრომლობის კუთხით", - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

„ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში - სერგი კაპანაძის განცხადებით, რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულება უმნიშვნელოვანესია.

„ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი - რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმება მივიდეს ბოლომდე და იმ საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც ჯობია დღევანდელს. შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასთან ნორმალურ პირობებში, რვა მარტის შეთანხმების შესრულება უზრუნველყოფს ნორმალურ გარემოს", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

კიდევ ერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიაში ეთანხმებიან კოლეგებს და ამბობენ, რომ რურუას გათავისუფლების გარეშე შეთანხმება არ იქნება შესრულებული და ოპოზიციის პოზიცია იქნება შესაბამისი.

„იმედს ვიტოვებ, რომ გათავისუფლდება რურუაც, რომ შეთანხმების ეს კომპონენტი სრულად შესრულდეს. შემდეგ ოპოზიციის მონაწილეობით შევძლოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც გადაგვიყვანს უფრო პროპორციულ სისტემაზე, ვიდრე გვაქვს ახლა" - ამბობს თინა ბოკუჩავა.

„ახალ საქართველოში" აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპული საკითხია ოპოზიციისთვის და მისი გათავისუფლების გარეშე შეთანხმება არ იქნება შესრულებული.

„ეს არის პრინციპული, რომ შესრულდეს შეთანხმება, ცვლილებებია მისაღები - ჩვენი ნაბიჯები დაგეგმილი გვაქვს. სწორი გზით მივდივართ, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ერთი წამით მაინც მოვდუნდეთ", - განმარტავს გიორგი ვაშაძე.


close დახურვა