logo
ENG



რურუას პროცესი გრძელდება - ადვოკატები გათავისუფლების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებენ

11 ივნ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა ისინი სასამართლოში არ გამოცხადდნენ.

ამ დროისთვის ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება. პროცესზე იკვლევენ ვიდეომასალას, რომელიც ასახავს რამდენიმე საათს დაკავებამდე, თუ როგორ მიჰყვება ოპერატიული ავტომანქანა გიორგი რურუას ავტომობილს.  

მას შემდეგ, რაც ვიდეო მასალის გამოკვლევა დასრულდება, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატები მოითხოვენ, რომ რურუას წინააღმდეგ აღკვეთის არც ერთი ღონისძიება არ იქნეს გამოყენებული, მათ შორის არც გირაო. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რურუა გათავისუფლდება, რადგან აქამდე მოსამართლის არგუმენტი იყო ის, რომ მოწმეების დაკითხვა უნდა მომხდარიყო და შეიძლებოდა, გათავისუფლების შემთხვევაში რურუას მათზე ზეწოლა მოეხდინა.

„გიორგი რურუას პატიმრობას პროკურატურა ასაბუთებდა იმით, რომ შესაძლო იყო მომხდარიყო ზეწოლა მოწმეებზე. შესაბამისად, როდესაც ამოიწურება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა სასამართლოში, ჩვენ ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით. თუ დღეს ვერ მოვასწრებთ, მომდევნო სხდომაზე დავაყენებთ ამ შუამდგომლობას“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.


close დახურვა