logo
ENG



რუს სამხედრო ბლოგერს, იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

21 ივლ 202321:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/6zp4zvzyjfgotw7.jpg
REUTERS/Yulia Morozova

რუსეთის რაიონულმა სასამართლომ რუს სამხედრო ბლოგერს იგორ გირკინს (სტრელკოვს) 18 სექტემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გირკინს ბრალად "ექსტრემიზმისკენ მოწოდება" ედება.

გირკინმა სასამართლო სხდომისას განაცხადა, რომ მას "მეორე ხარისხის სტენოკარდია აქვს" და ამ მიზეზით შიდა პატირმობა მოითხოვა. 

"მე ყოველ დღე ვიღებ აუცილებელ წამლებს. მსურს მივიღო პრევენციული ზომები შიდა პატიმრობის ფორმით" - თქვა გირკინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მისი გაქცევა წარმოუდგენელია, რადგან ის ინტერპოლით ძებნილია, ხოლო ჰააგის ტრიბუნალმა მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

რუსი სამხედრო ბლოგერი და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი მოსკოვში, საკუთარ სახლში დღეს, 21 ივლისს დააკავეს.

იგორ გირკინი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკიც იყო, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებაში ე.წ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

გირკინმა 2023 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში აპირებდა მოღვაწეობას. ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით კრიტიკული გახდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიმართ, რადგან, მოსკოვი, მისი აზრით, "არაკომპეტენტურად" მართავდა უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას".

ნიდერლანდების სასამართლოს ცნობით, გირკინი ასევე მონაწილეობდა 2014 წელს დონეცკში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაში, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიდერლანდების სასამართლომ 2022 წელს იგორ გირკინი მასობრივ მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნია MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილეობის გამო და მას სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.


close დახურვა