logo
ENG



რუს უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს ორ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

27 თებ 202418:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/27/m620t8s41y04w1f.jpg

მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული ორგანიზაცია მემორიალის თანათავმჯდომარეს და რუს უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს "არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის" ბრალდებით ორ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ორლოვის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მან ანტისაომარი სტატია - "მათ ფაშიზმი სურდათ. მათ ის მიიღეს" დაწერა. 70 წლის უფლებადამცველი განაჩენის გამოტანისთანავე დააკავეს და სასამართლო დარბაზიდან ხელბორკილებით გაიყვანეს.

"განაჩენმა აჩვენა, რომ ჩემი სტატია ზუსტი და სწორია", - განაცხადა რუსმა უფლებადამცველმა სასამართლო დარბაზში.

შარშან შემოდგომაზე, ოლეგ ორლოვი დამნაშავედ ცნეს და 150 ათასი რუბლი ჯარიმა დააკისრეს, თუმცა პროკურატურამ, რომელიც ორლოვისთვის სამი წლით პატიმრობას ითხოვდა, განაჩენი გაასაჩივრა.

პროკურატურის განცხადებით, საქმეში დამამძიმებელი გარემოებაა - "იდეოლოგიური მტრობისა და სიძულვილის მოტივი". ამის შემდეგ, მოსკოვის სასამართლომ გააუქმა განაჩენი და საქმე ხელახლა გამოსაძიებლად დააბრუნა. ორლოვის განმეორებითი პროცესი 16 თებერვალს დაიწყო.

რუსი უფლებადამცველი დანაშაულს უარყოფს. ამასთან, 2 თებერვალს, ოლეგ ორლოვი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტად" ცნო.

2021 წლის 29 დეკემბერს, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია მემორიალი გაუქმდა და აიკრძალა. ორგანიზაცია 30 წლის განმავლობაში რუსეთში ადამიანის უფლებებს იცავდა.


close დახურვა