logo
ENG



რუს ჰაკერებთან საქართველოს კავშირი თუ დადასტურდა, ეს დიდი სკანდალი იქნება - ექსპერტები

10 მაი 202017:45
3 წუთის საკითხავი
clock 679

კიბერუსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტები საქართველოში კრემლთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. 

ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია აჩენს კითხვებს თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველოში არსებული კიბერსივრცე

ექსპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ საქართველოს მონაწილეობა კიბერთავდასხმაში ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა თუ ეს მოხდება, ეს ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს მიაყენებს და დიდი სკანდალის საფუძველი გახდება. 

"ის რომ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და დასავლეთისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები აქტიურად ცდილობენ არალეგალურად, ჰაკერული გზებით შეაღწიონ სამეცნიერო თუ სამედიცინო დაწესებულებებში და მოიპარონ მონაცემები, ეს უკვე დამტკიცებული ფაქტია, და ამაზე დასავლური სპეცსამსახურები უკვე მუშაობენ. მაგრამ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში უკვე საქართველოც ფიგურირებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის დადასტურებული ფაქტი, მაგრამ თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება დიდი სკანდალის საფუძველი და გაჩნდება დიდი კითხვები საქართველოს ხელისუფლებისადმი და რას აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ქვეყნის კიბერსივრცე", - განაცხადა რუხაძემ. 

"მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი იხსენებს კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც მათ შეძლეს და გამოავლინეს ისეთი პირები, რომლებმაც მოახერხეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების პირადი ინფორმაციას მოპოვება. 

"უნდა დავსვათ კითხვები რამდენად უსაფრთხოა ჩვენი კიბერგარემო. გვახსოვს სერიოზული თავდასხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის სერვერზე. რამდენიმე წლის წინ გამოვავლინეთ შემთხვევა, როდესაც რუსების მიერ დაქირავებულმა ბულგარელმა ჟურნალისტმა მოიპოვა მინისტრის პირადი მიმოწერა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ეს საკითხი დღესაც გამოუძიებელია", - აღნიშნა კინწურაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა. 


close დახურვა