logo
ENG



რუსებს ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმე ჩაუვარდათ, უცნობია, როგორ

09 აგვ 202212:17
3 წუთის საკითხავი
 

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, თითქოს რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს. 

მათ შორის არის ქართველი პროფესიონალი სამხედრო, მიხეილ ქამხაძე, რომელიც უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ ნატოს სტანადრტების წვრთნებს უტარებდა. 

რუსები უკრაინაში შეჭრის დღიდან ავრცელებენ სიცრუეს, რომ ყველა არაუკრაინელი ჯარისკაცი და მოხალისე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, დაქირავებული ტერორისტია.  

ვიდეოში ერთ-ერთი რუსი სამხედრო კამერის წინ მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს ათვალიერებს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური ნიშნები აქვს. 

თავად ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ამბობს, რომ თავისი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატანკო ქარხანაში, სადაც უნდა დანიშნულიყო, 2017 წელს მიიტანა, უკან არ გაუტანია და შესაბამისად, დოკუმენტები უწყებაში უნდა ყოფილიყო დაცული.

ქართველი სამხედრო ვარაუდობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის უწყების არქივის დეპარტამენტმა საქმე კრემლს გადასცა. 

"მე ეს საბუთი ხელში ფიზიკურად ვერ მექნებოდა, ეს საბუთები ჩავაბარე და დავტოვე სატანკო ქარხანაში. ამის შემდეგ ველოდებოდი ზარს და დანიშვნას. ეს პროცესი გაიწელა, 2017 წელს კი წამოვედი უკრაინაში. ამაში თანხაა გადახდილი, ეჭვიც არ მეპარება, რომ აქედან გავიდა ინფორმაცია იქ, რომ ასეთი პიროვნებაა ჩამოსული და ამზადებს ხალხს, შემდეგ იქიდან მოითხოვეს, ასეთი ქსელია. ეს არის არქივიდან ამოღებული და გატანილი". - თქვა მიხეილ ქამხაძემ მთავარ არხთან ინტერვიუში.

თავდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი, როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის საქმე რუსი აგრესორების ხელში. 


close დახურვა