Airzena-ს დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, ავიაკომპანიას სახელმწიფოს მხრიდან არ მიუღია არანაირი კომპენსაცია მაშინ, როცა ეს ძალიან სჭირდებოდა. საუბარია რუსეთთან ფრენების შეწყვეტის პერიოდზე, როდესაც კომპანიამ მილიონობით ლარის ზარალი მიიღო.
ბოკერიას თქმით, სახელმწიფო ეროვნულ ავიაციასთან არ თანამშრომლობს.
„Airzena არის ერთადერთი კომპანია, რომელიც თამაზ გაიაშვილმა შეინარჩუნა თავის გუნდთან ერთად - ჩვენ ვმუშაობთ ევროპული სტანდარტების მიხედვით, დავფრინავთ ბევრ ქვეყანაში და გავაგრძელებთ ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას. ჩვენ ვართ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი სეგმენტი. მთავრობასთან ჩამოგვიყალიბდა ძალიან კარგი ურთიერთობა ამ კრიზისის დროს. რომ ხდებოდა ჩვენი ფასების დემპინგი, ეს იყო, ფაქტობრივად, კრიმინალი. როცა გამოვალთ კრიზისიდან, იმედია, დაიწყება ახალი ურთიერთობა ეროვნულ ავიაციასა და მთავრობას შორის, მოხდება ჩვენი დაფინანსება, როგორც განვითარებული ქვეყნები აფინანსებენ. რუსეთთან ფრენების შეწყვეტის შემდეგომ მოგვადგა ზარალი, მრავალჯერ ვთხოვეთ მთავრობას - დაგვხმარებოდნენ, მომზადდა ბახტაძის დროს ბრძანება დახმარების შესახებ, მაგრამ ჩვენ ეს კომპენსაცია საბოლოოდ არ მიგვიღია", - განაცხადა რომან ბოკერიამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
შეგახსენებთ, რომ Airzena არის ის კომპანია, რომელსაც ჩამოჰყავს ქართველი ემიგრანტები სპეციალური ჩარტერული რეისებით სხვადასხვა ქვეყნიდან.