გუშინ, 28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასავლეთის ქმედებებზე საპასუხოდ გააფართოოს ევროკავშირის წარმომადგენლების სია, ვისაც რუსეთში შესვლა აეკრძალება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც გადაწყვეტილების მიზეზად ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული "ცალმხრივი შეზღუდვები" სახელდება.
„რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა ევროკავშირი იმ ცალმხრივი შემზღუდავი ზომების მიღების შესახებ, რომლებიც საერთაშორისო სამართალთან მიმართებით არალეგიტიმურია. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასუხად, მოსკოვმა ღიად განაცხადა, რომ მას აქვს საპასუხო ქმედებების განხორციელების უფლება. შესაბამისად, რუსულმა მხარემ რეციპროკულობის და თანასწორობის პრინციპით გადაწყვიტა, გააფართოოს საპასუხო სია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისა და ინსტიტუტების, ვისაც აეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "შავი სია" მოიცავს ევროპული კერძო სამხედრო კომპანიების მფლობელებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს ვინც, მათი თქმით, პირდაპირაა ჩართული ანტირუსული პოლიტიკის გავრცელებაში.
„რუსეთის საპასუხო ზომები უპირველეს ყოვლისა შეეხება ინდივიდუალურ ევროპული კერძო სამხედრო კომპანიების მფლობელებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ, რომლებიც რატომღაც ბრიუსელში, ევროპელ ოფიციალურ პირებში ალერგიას არ იწვევენ.
საპასუხო სია ასევე შეივსო იმ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებით, ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებით, რომლებიც პირადად არიან პასუხისმგებელი ანტირუსულ პოლიტიკის გავრცელებასა და ისეთი ზომების დაწესებაზე, რომლებიც რუსულენოვანი მოქალაქეებისა და მედიის ლეგიტიმურ უფლებებს არღვევს.
ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს, რომ უსმინოს იმ მგრძნობიარე ევროპელების მზარდად აქტიური ხმებს, ვინც რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ იმ სანქციების პოლიტიკის გაუქმებას ითხოვს, რაც ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პოლიტიკას და ცხადად ჩიხია.
ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა სტაბილურობის აღდგენასა და უსაფრთხოებისთვის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ისევე როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში კლიმატის ნორმალიზებისთვის", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ ნაბიჯის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ევროკავშირის დელეგაციას წერილობით უკვე შეატყობინა.