logo
ENG



რუსეთი აშშ-ის ოფიციალურ პირებს სანქციებს უწესებს

15 მარ 202219:22
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთი აშშ-ის ოფიციალურ პირებს სანქციებს უწესებს

რუსეთმა აშშ-ის ოფიციალურ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სანქციები დაუწესდათ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს და კიდევ რამდენიმე ოფიციალურ პირს აშშ-ში.

რუსეთის თქმით, აღნიშნული სანქციები "უპრეცედენტო სანქციების სერიის საპასუხოა".

"კოტრრეაქციის სახით გადადგმული ეს ნაბიჯი გარდაუვალი შედეგი იყო აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის უკიდურესად რუსოფობიური კურსისა, რომელიც სასოწარკვეთილი მცდელობაა ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნებისა", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-მა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა. ამერიკის დაწესებული სანქციები ფინანსურ ინსტიტუტებს, რუსულ სუვერენულ ვალსა და ელიტებს დაუწესდათ.

აშშ-ის მიერ ბანკებისთვის დაწესებული სანქციები ძირითადად რუსეთის მხრიდან მათი სამხედრო დანაყოფების დაფინანსების შესაძლებლობებზე ზიანის მიყენებას ემსახურება. მათი თქმით სანქციები ვრცელდება 2 სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ბანკზე, რომლებიც, აშშ-ის ცნობით, პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სექტორთან. ესენია VEB და სამხედრო ბანკი Промсвязьбанк. ამ ბანკებს ამიერიდან აშშ-ში საქმიანობა და ამერიკის ფინანსურ სისტემებთან წვდომა აღარ ექნებათ.

ამერიკამ სანქციები ასევე დაუწესა რუსული ელიტის 5 მნიშვნელოვან წარმომადგენელს. ამ სანქციების მიხედვით, ზემოთ ნახსენები 2 ბანკი და ელიტის წარმომადგენლები აშშ-ის საბანკო სისტემიდან მოიხსნებიან,  ამერიკელებთან ვაჭრობა აეკრძალებათ და მათი აქტივები გაიყინება. 

ამასთან, აშშ-ის სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალსაც შეეხება, რაც ბაიდენის თქმით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა და ბიზნესი იზოლირდება დასავლური დაფინანსებისგან. ის ვეღარ მოიზიდავს ფულს დასავლეთიდან და ვეღარ ივაჭრებს თავისი ახალი ვალით აშშ-ის ან ევროპის სავაჭრო ბაზრებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემდეგ ბაიდენმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ამერიკის მოქალაქეებს ამ რეგიონებში ინვესტიციები და ფინანსური საქმიანობა ეკრძალებათ.

როიტერსის ინფორმაციით, აშშ ასევე გეგმავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას დასავლურ ფინანსურ კომპანიებთან წვდომა შეუწყვიტოს. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს რუსეთის სხვა დიდ ბანკებისთვის სანქციების დაწესება და მათი გლობალური საფინანსო სისტემიდან გათიშვაც შეუძლია.

აშშ-ის სანქციების არსენალში ასევე განიხილება ექსპორტის კონტროლიც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ზომა და დარტყმა რუსეთის ეკონომიკაზე.  

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 12 დიპლომატი გაეროში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.


close დახურვა