logo
ENG



რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა საავტომობილო გზას ხსნიან

28 ივლ 202618:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/28/yln18a6oppeugbf.jpg

რუსეთისა და ჩრ. კორეის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ფაქტობრივად დასრულებულია. ფხენიანმა პროექტის თავისი ნაწილი, საბაჟო და საკარანტინო ინფრასტრუქტურის ჩათვლით, დათქმულ ვადაში — 19 ივნისამდე დაასრულა.

თუმცა, ხიდის ოფიციალურ გახსნას შეფერხება რუსული მხარის გამო აქვს, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულებას აგვიანებს. ოფიციალური მოსკოვი და ფხენიანი აცხადებენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. ამ დრომდე მხარეებს შორის მხოლოდ საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა მოქმედებდა.

ოფიციალური ვერსიის მიუხედავად, უფლებადამცველი ორგანიზაცია Truth Hounds-ი, ავტორიტეტულ გამოცემა The Guardian-ზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ პროექტის რეალური დანიშნულება სამხედრო-ლოგისტიკური დერეფნის შექმნაა. ექსპერტების შეფასებით, საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა გაცილებით იოლია თანამგზავრული მეთვალყურეობისგან დასაფარად, ვიდრე სარკინიგზო ან საზღვაო მარშრუტები, რაც კრემლს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში დამატებით უპირატესობას მისცემს.

ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაღრმავდა, რაც 2024 წელს ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს აქტიურად აწვდის იარაღსა და საბრძოლო მასალას.

გარდა ამისა, 2024 წლის შემოდგომიდან კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს 14 000-ზე მეტი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იბრძოდა, სადაც მათ სერიოზული დანაკარგი განიცადეს. ამ ეტაპზე ფხენიანის კონტინგენტი უშუალოდ ფრონტის ხაზზე არ იმყოფება, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ახლახან განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 30 ათასი სამხედროს გაგზავნას გეგმავს. საპასუხოდ, კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვისა და ფხენიანის გეგმებზე მსჯელობა უკრაინის პრეზიდენტის კომპეტენციას სცილდება.

 


close დახურვა