კრემლი დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს სანქციებს უწესებს და რუსეთში შესვლას უკრძალავს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ბრიტანეთის მთავრობის მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლითაც სანქციების სიაში შევიდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის თითქმის მთელი საბჭო ნაცვალგების საფუძველზე, პერსონალური სანქციები უწესდება ლორდთა პალატის 154 წევრს", - ნათქვამია რუსეთის საგარეოს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ პირებმა, რომლებსაც სანქციებს უწესებენ, პირდაპირი წვლილი შეიტანეს ანტირუსული სანქციების შემუშავებაში.
ამასთან, რუსეთის საგარეოს თქმით, ლორდთა პალატის წევრებმა დიდ ბრიტანეთში ანტირუსული ისტერია შექმნეს, რამაც გამოიწვია ბრიტანეთის მთავრობის რუსოფობიური პოლიტიკური კურსი.
11 მარტს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის დუმის 386 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდელობის" აღიარებას, სანქციები დაუწესა.