ოფიციალური მოსკოვი საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობებს აყენებს. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ჯერ ოფიციალურმა თბილისმა უნდა შეადგინოს დაზარალებულთა სია, დააზუსტოს დარღვევები, რომელთა გამო დაზარალდა თითოეული მოქალაქე და განისაზღვროს თანხის ოდენობა.
აღნიშნულ საკითხს უკვე გამოეხმაურა ოპოზიცია. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ რუსეთს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ადრე თუ გვიან მოუწევს.
"რუსეთს მოუწევს ამის შესრულება. რამდენი ხანი გაჯიუტდება რუსეთი ამის პროგნოზირება არ შემიძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შერსულება მოუწევს ყველას. სია საქართველოს მხარემ უნდა წარადგინოს, ეს წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. უბრალოდ რუსეთი 290 კაცის საკითხს რომ ეჭვქვეშ აყენებს, ისედაც იდგა ეს საკითხი. 1 500 კაცს შორის არც ერთი არაა ისეთი, რომლისთვისაც კომპენსაციის გადახდის საკითხი ეჭვქვეშ დგას“, - აღნიშნა ბარამიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაუგზავნოს რუსულ მხარეს სია, თუმცა ვადების შეყოვნება რუსეთმა დროის გაწელვად არ უნდა გამოიყენოს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საბაბი, რომელსაც რუსეთი ახლა იყენებს, რომ არ არის დაზუსტებული სია, იმ ადამიანების ვისთვისაც კომპენსაცია უნდა იყოს გაცემული, მისცა დღევანდელმა ხელისუფლებამ. სამწუხაროა, რომ ეს ასეა, რადგან თავის დროზე ვადები იქნა გამოტოვებული, არ იქნა სიები დაზუსტებული და ახლა იყენებს საბაბად. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, ეს არ ამართლებს რუსეთს, რადგან მას აქვს კონკრეტული ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს“, - ამბობს სერგი კაპანაძე.