logo
ENG



რუსეთი ყირიმის ხიდის აღდგენის დასრულებას 2023 წლის ივლისისთვის გეგმავს

14 ოქტ 202216:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/vseaz02xs1z5ujl.jpg

რუსეთი ყირიმის ხიდის აღდგენას 2023 წლის ივლისისთვის გეგმავს.

ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი კვირას ააფეთქეს. რუსეთში აცხადებენ, რომ სამი ადამიანი დაიღუპა. მოსკოვი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა ოფიციალური კიევი ბრალდებებს უარყოფს.

ევროპაში ყველაზე გრძელი 19-კილომეტრიანი ხიდი უკრაინაში რუსული ძალებისთვის მარაგის მიწოდების საკვანძო მარშრუტია.

აფეთქების გამო ჩაინგრა საავტომობილო გზა და დაზიანდა სარკინიგზო ხაზი. ამჟამად მსუბუქი ავტომობილებისთვის გზა გახსნილია, აღდგა სარკინიგზო მიმოსვლაც, თუმცა სატვირთოებს ზღვის გადასალახავად ბორნების რიგში უწევთ დგომა.

ყირიმის ხიდი რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წელს, ყირიმის ანექსიის ოთხი წლის თავზე გახსნა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე "ტერორისტული აფეთქების" სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნო. FSB-ის თქმით, ხიდის აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

რუსეთის ცნობით, უკვე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 8 ადამიანი, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, 3 უკრაინის.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

უწყების თქმით, ფეთქებადი მოწყობილობა დამალული იყო სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში, რომლებიც 22 ფირფიტაზე იყო განაწილებული და ჯამში 22 700 კილოგრამს იწონიდა.

FSB აღწერს იმ გზას, რომელიც, მათი თქმით, ტვირთმა გაიარა, ვიდრე ყირიმის ხიდზე აფეთქდებოდა.

რუსეთის თქმით, ტვირთის გადაადგილების სრულ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის უწყება აკონტრლებდა.


close დახურვა