რუსეთი უარს ამბობს თურქეთის ინიციატივაზე, რომელიც შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებებსა და გემებზე დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ამ ეტაპზე მსგავსი ზომების მისაღებად რეალურ საფუძველს ვერ ხედავს.
აღნიშნული ინიციატივით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი გამოვიდა. მან სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარამ რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში შეტევების შეწყვეტის სპეციალური მექანიზმის შექმნა შესთავაზა, შესაბამისი ოფიციალური წინადადებები გადასცა და მხარეებისგან პასუხს ელოდებოდა.
ფიდანის განმარტებით, შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთს მსგავსი თხოვნით ადრე უკრაინულმა მხარემაც მიმართა.
