რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.
"ფაქტობრივად, შავი ზღვის ხელშეკრულებები დღეს აღარ მოქმედებს. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება", - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა დასძინა, რომ მოსკოვი "დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმების შესრულებას მას შემდეგ, როცა მარცვლეულის შეთანხმების რუსული ნაწილი შესრულდება".
13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.
***
22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.
შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. რუსეთი თვლის, რომ დაპირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და სასუქის ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნის დაპირება არ შესრულდა.
2023 წლის 20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა და დაიმუქრა, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უფასო მარცვლეულს აფრიკის ქვეყნებში გააგზავნიდა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება სთხოვა; სანაცვლოდ კი მას სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, Rosselkhozbank-ის, საერთაშორისო გადახდის სისტემასთან (SWIFT) დაკავშირება შესთავაზა. ევროკავშირმა აღნიშნული ბანკი SWIFT-ის სისტემიდან 2022 წლის ივნისში გათიშა.
მარცვლეულის ძალის შეთანხმებით ექსპორტზე უკანასკნელი გემი, რომელიც ოდესის პორტში დაიტვირთა გუშინ, 16 ივლისს გავიდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთს 27 ივნისის შემდეგ ახალი გემები აღარ დაურეგისტრირებია.
პირობების შეუსრულებლობისა და რუსული საქონლის ექსპორტის შეფერხების ბრალდებით კრემლი მრავალჯერ დაიმუქრა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავა.