17 აპრილის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული შეტევის დროს, ერთ-ერთმა რუსულმა უპილოტო აპარატმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, - ამის შესახებ ინფორმაცია რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების ცნობით, უკრაინის საზღვართან ახლოს მიმდინარე მორიგი იერიშის დროს რუმინეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.
რადარის სიგნალი დაიკარგა სოფელ კილია-ვეკედან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 16 კილომეტრში, ტულჩის ოლქში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. სამინისტროს განცხადებით, დილით აღნიშნულ რაიონში სამხედროები საძიებო ოპერაციას დაიწყებენ.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ქმედებები დაგმო და აღნიშნა, რომ ისინი საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას.
ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონები არაერთხელ ჩავარდნილა რუმინეთის ტერიტორიაზე ან შეუღწევიათ ქვეყნის შიგნით.
