დღეს დილით კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შემდეგ, მოსკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის ექვსი რეგიონი უკრაინული დრონების სამიზნე გახდა. ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონებით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ფართო შეტევა.
ოფიციალური პირები რუსეთში აკონკრეტებენ, რომ დრონების სამიზნე ფსკოვის, ბრიანსკის, კალუგის, ორლოვის, რიაზანისა და მოსკოვის რეგიონები გახდა.
ხანძარი გაჩნდა ჩრდილოეთ რუსეთში, ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე - უკრაინიდან 600 კილომეტრის დაშორებით. საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რომ დაზიანდა სულ მცირე ოთხი Il-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელთაგან ორი "სრულიად განადგურდა".
რუსეთის ცნობით, დრონებით შეტევის მცდელობა იყო ბრიანსკის რეგიონის სატელევიზიო ანძაზეც, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გარკვეული ზიანის მიუხედავად, მოსკოვმა დრონებით შეტევა მაინც წარუმატებლად შერაცხა, ხოლო კიევი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.