logo
ENG



რუსეთის თავდაცვა: წვრთნების დასრულების შემდეგ ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან

15 თებ 202213:34
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან". 

დღეს, 15 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კონაშენკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მასშტაბური წვრთნები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სწავლების დასრულების შემდეგ კი ჯარები, "როგორც ყოველთვის", ერთობლივად დაუბრუნდებიან განლაგების ადგილებს. 

"საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ჯარები, როგორც ყოველთვის, ერთობლივად განახორციელებენ მსვლელობას მუდმივი დისლოკაციის პუნქტებამდე. სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების დასრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვა და დღესვე დაიწყებენ მოძრაობას სამხედრო გარნიზონებისკენ". - თქვა კონაშენკოვმა

მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელმა საჯრისო ნაწილებმა შეიძლება დაიწყოს დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება. 

კონაშენკოვისვე განცხადებით, ჯერჯერობით მიმდინარე სამხედრო წვრთნების ფარგლებში, 19 თებერვალს, ბელარუსშიობუზ-ლესნოვსკის პოლიგონზე გაიმართება სწავლება "Союзная решимость 2022 (კავშირის გადაწყვეტა 2022)". ამ დღეს შედგება "პირდაპირი სროლებიც". 

"საზღვაო ბრიგადა ბელორუსის შეიარაღებული ძალების ფორმირებებთან და სამხედრო ნაწილებთან ერთად, ოპერატიულ-ტაქტიკური და საავიაციო არმიის მხარდაჭერით შეასრულებს თავდაცვითი ბრძოლის და სხვა ტიპის მანევრებს". - აცხადებს კონაშენკოვი

მისი განცხადებით, ამ ღონისძიებაზე დამკვირვებლის სტატუსით მოწვეულები იქნებიან თავდაცვის საკითხებში სამხედრო ატაშე, ბელარუსში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. 

"წყნარ ოკეანის ოპერატიულად მნიშვნელოვან წყლებსა და აკვატორიებში, რომლებიც რუსეთს ეკუთვნის, მიმდინარეობს საზღვაო სამხედრო წვრთნები. მასში მონაწილეობენ ხომალდები, წყალქვეშა გემები და საზღვაო ავიაცია. ასევე, გრძელდება სწავლებები რუსეთის არმიის სხვადასხვა ნაწილში. სამხედრო სწავლებების სერია, წვრთნების ჩათვლით, მიმდინარეობს არსებული გეგმის მიხედვით". - ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. 

იგორ კონაშენკოვის ამ განცხადებამდე, გუშინ, 14 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც განაცხადა, რომ წვრთნები, რომელშიც რუსეთის ჯარის უდიდესი ნაწილი მონაწილეობს, დასასრულს უახლოვდება. 

***

რამდენიმე თვის წინ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა.

სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს და უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს. 

თუმცა, აშშ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. 

უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო NATO-ს ქვეყნები უკრაინას სამხედო დახმარებას უწევენ, ამასთან, აძლიერებენ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო გემების, საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა შეიარაღების დამატებითი რაოდენობის გაგზავნას გულისხმობს. 

დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს - ფრეგატს აგზავნის, ასევე, ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. ესპანეთი ასევე აგზავნის საბრძოლო გემებს, რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან, ასევე, განიხილავს ბულგარეთში საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს. ნიდერლანდები აპრილში ასევე გაგზავნიან 2 F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რათა მხარი დაუჭირონ NATO-ს საჰაერო-სამხედრო აქტივობას რეგიონში. ასევე, აგზავნის როგორც გემს, ისე ქვეით დანაყოფებს, რათა შეუერთდნენ NATO-ს საპასუხო რეაგირების ძალებს. ასევე, აშშ-მ ცხადად განახცადა, რომ გეგმავს სამხედრო ყოფნის გაზრდას ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში. 

აშშ-მ კი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბოლო 2 წელიწადში აშშ-მ უკრაინას 650$-ის ღირებულების უსაფრთხოების მხარდაჭერა გაუწია, 2014 წლიდან კი ამ დახმარების 2,7 მილიარდს შეადგენს. 

გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა