რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა - როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის ჯარები დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადადიან.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა. სუროვიკინი თავის შეთავაზებას იმით ხსნის, რომ დნიპროს მარცხენა მხარეს თავდაცვის ხაზის ორგანიზება უნდა დაიწყონ.
"ვეთანხმები, დაიწყეთ ჯარების გაყვანა", - თქვა შოიგუმ.
დღეს რუსეთის შეიარაღებულა ძალებმა ხერსონის ოლქში, მდინარე დნიპროს დასავლეთით რამდენიმე ხიდი ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული საბჭოს წევრის განცხადებით, რუსები ხერსონის ზოგიერთი სოფლიდან, როგორც ჩანს, ტაქტიკურად იხევენ უკან, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა შეანელონ.
ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონი, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის რეგიონებთან ერთად, 30 სექტემბერს ანექსირებულად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, რუსეთს ამ ტერიტორიაზე წარმატებისთვის არ მიუღწევია - ბოლო თვეებია ხერსონში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა აქტიურად მიმდინარეობდა, რის გამოც რუსეთმა ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.