logo
ENG



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს

11 ნოე 202218:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/t0q1jg4lrr8kvev.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ ბრიფინგზე თქვა, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 5 ათასი ერთეული, ასევე, მატერიალური ქონება გადაიტანეს.

მისივე თქმით, ოპერაცია პარასკევს, მოსკოვის დროით დილის ხუთ საათზე დასრულდა.

"გაყვანილია სრულად რუსული ტექნიკა, რომელიც ექვემდებარება რემონტს, ამჟამად სარემონტო სამსახურებმა დაიწყეს მისი მომსახურება. ტექნიკისა და შეიარაღების არც ერთი ერთეული არ არის დატოვებული, ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე გადასროლილია დნეპრის მარცხენა სანაპიროზე", - თქვა კონაშენკოვმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში შედიან.

მანამდე სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა სხვადასხვა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, თუ როგორ ელოდება მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს და როგორ აღმართეს უკრაინის დროშა სამხედროებმა და მოქალაქეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან ლოკაციაზე. ერთ-ერთი დროშა აღიმართა ხერსონში, ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაზე.


close დახურვა