logo
ENG



რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ბელგოროდის მოსახლეობას უკრაინაში ევაკუაციას სთავაზობს

03 ივნ 202310:37
3 წუთის საკითხავი
clock 626
2023/06/03/oyfy1wz06ubw8qk.jpg

რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ბელგოროდის მცხოვრებლებს უკრაინაში ევაკუაციას სთავაზობს - ლეგიონი ტელეგრამ არხზე წერს, რომ საკითხი უკრაინის სარდლობასთან აქვთ შეთანხმებული და სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მოქალაქეებს უკრაინაში გადაიყვანენ.

"მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ შევთანხმდით უკრაინის სარდლობასთან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე ბელგოროდის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც განიცდიან რეჟიმის არმიის მხრიდან დაბომბვას. ამიტომ, ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება, ნებაყოფლობითი თანხმობის შემთხვევაში ევაკუირებული იქნება უკრაინაში, რათა მიიღოს თავშესაფარი და ყველა შესაბამისი დახმარება", - წერია განცხადებაში.

ლეგიონის განცხადებით, პუტინის სამხედროები ბელგოროდის ოლქის დაბომბვას აგრძელებენ, რის გამოც მოსახლეობას მოუწოდებენ, დახმარების სათხოვნელად ლეგიონს ან რუსეთის მოხალისეთა კორპუსის წარმომადგენლებს მიმართონ. უკრაინულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ბელგოროდის რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობდნენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას - მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.

ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". პესკოვი ამბობს, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში შეჭრილი დივერსანტები გაანადგურეს. უწყებაში აცხადებდნენ, რომ 70 "უკრაინელი ნაციონალისტი" მოკლეს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან".


close დახურვა