რუსეთის ხელისუფლება და მედია აცხადებს, რომ უკრაინა დრონებით თავს დაესხა რუსეთის შუაგულში მდებარე, მათ შორის დრუჟბას ნავთობსადენებს.
რუსეთის ცნობით, უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემა Kommersant-ის ცნობით, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით ტვერის რეგიონში ორი თავდასხმა მოხდა იმ სადგურზე, რომელიც დრუჟბას, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსადენს, ემსახურება.
ტვერის საკრებულომ განაცხადა, რომ დრონი ჩამოვარდა სოფელი ეროხინოს სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან.
რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა კი განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
კურსკის რეგიონის გუბერნატორის ცნობით კი ასევე უკრაინის საზღვართან ახლოს დრონით თავდასხმას 1 მუშა ემსხვერპლა.
რუსეთის დასავლეთში, ფსკოვის რეგიონში, გუბერნატორის ცნობით, ორმა უკრაინულმა დრონმა დააზიანა ნავთობსადენების ადმინისტრაციული შენობა. მისი თქმით, შემთხვევა სოფელ ლიტვინოვოსთან ახლოს მოხდა, რუსეთ-ბელარუსის საზღვართან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გასულ 24 საათში 12 უკრაინული დრონი გაანადგურეს და ასევე გაანეიტრალეს 2 შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow საკრუიზო რაკეტა, რომელიც უკრაინას ბრიტანეთმა გადასცა.
რუსეთი ასევე ირწმუნება, რომ გაანეიტრალეს ამერიკული წარმოების HIMARS რაკეტები. თავდაცვის სამინისტროს არ აღუნიშნავს, სად გაანეიტრალეს ეს შეიარაღება, მაგრამ ფრონტის ხატთან შეტაკებებზე ისაუბრეს.
ბოლო კვირებში რუსეთი ხშირად საუბრობს უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმების შესახებ. New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვას სჯერა, რომ მაისის დასაწყისში კრემლზე დრონებით თავდასხმის უკან უკრაინა იყო.
უკრაინას საჯაროდ არ უღიარებია რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმები.