logo
ENG



რუსეთის მასშტაბური შეტევიდან მეორე დღეს მარკ რუტე კიევში ჩავიდა

03 ივნ 202612:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/03/xe0em4mwgu18vwf.jpg

უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმიდან მეორე დღეს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიცია“ ავრცელებს.

„დღეს კიევის რკინიგზის სადგურზე მოხარულნი ვართ მივესალმოთ ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს. ეს ვიზიტი, ისევე როგორც ყველა წინა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ალიანსის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა“, - ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 22 მაისს გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუტემ ხაზი გაუსვა კიევის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო დახმარების ტვირთი ევროპელ მოკავშირეებს შორის უფრო თანაბრად და სამართლიანად გადანაწილდება. რუტეს განცხადებით, ამ დროისთვის ძირითად პასუხისმგებლობებს ამ მიმართულებით მხოლოდ ექვსი ან შვიდი მოკავშირე ქვეყანა იღებს საკუთარ თავზე.

უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის თანაბარი გადანაწილების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეამცირა, რის გამოც ფინანსური და მატერიალური ტვირთის ძირითადი ნაწილი დიდწილად კიევის ევროპელ მოკავშირეებზე გადავიდა. ამ რეალობის გათვალისწინებით, რუტეს ვიზიტი კიევში, უმძიმესი დაბომბვის მომდევნო დღეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის უკრაინის მედეგობის გადამწყვეტ მნიშვნელობას - ვკითხულობთ უკრაინულ მედიაში.


close დახურვა