რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ ბელგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. მათივე განცხადებით, დაშავებულია 110-ზე მეტი მოქალაქე.
გუშინ ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის გუბერნატორმა გაავრცელა, მოგვიანებით კი უკრაინულმა მხარემაც დაადასტურა.
ცნობები დაღუპულების და დაშავებულების შესახებ სისტემატურად იცვლება. რუსულ ტელეგრამ-არხების საშუალებით გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს ათობით დამწვარი მანქანა და დაზიანებული შენობები. რუსული მხარის თქმით, სულ დაიწვა 40-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება. გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
რუსული მხარის მტკიცებით უკრაინამ იერიში საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა, ხოლო უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ სარაკეტო თავდასხმა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. უკრაინა ამბობს, რომ აფეთქებები ბელგოროდში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგია.
უკრაინული მედია თავდაცვის ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ მხარეს მიტანილი იერიშის თავიდან აცილება სურდა, თუმცა "არაპროფესიონალური მუშაობის შედეგად" ნამტვრევები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. უკრაინის სარაკეტო თავდასხმა რუსეთის მიერ გუშინ მიტანილი ფართომასშტაბური დარტყმების პასუხი იყო.