logo
ENG



რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია II-ის ტიტულში ბიჭვინთის მიტროპოლიტის წოდება არ ახსენა

02 აგვ 202214:28
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს სინოდის წევრის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, შესაბამის წერილში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული სრულად არ გადმოსცა

კერძოდ, მან არ ახსენა ბიჭვინთა. 

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

რუსეთის პატრიარაქის წერილში კი ნათქვამია: უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

კასპისა და სამთავროს ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით პატრიარქმა კირილმა სამძიმარი 1-ლ აგვსიტოს გამოგზავნა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კირილის დამამცირებელი მიმართვისთვის ჯერაც არ უპასუხიათ. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოსკოვის პატრიარქი ილია მეორეს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს. ასე მოხდა 2018 და 2013 წლებში, როცა კირილმა ილია II-ს 80 და 85 წლის იუბილეები მიულოცა, თუმცა, მოსკოვის პატრიარქი მაშინ მხოლოდ უწმინდეს და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამბობდა, ამჯერად კი მან ბიჭვინთა ხაზგასმით არ ახსენა. 

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.

ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

ამ დრომდე თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს არცერთი საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. ერთადერთი ვინც ოფიციალურად გამოეხმაურა ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

ამასთან, დღეს კითხვა დაუსვეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხის გარშემო "პოლიტიკოსებმა ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ".


close დახურვა