logo
ENG



რუსეთის პროკურატურა ნავალნისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს

15 მარ 202215:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/o83tw7dec0msd34.jpg

რუსეთის გენერალური პროკურატურა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვს. საქმე ეხება თაღლითობისა და სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებებს. 

მედიაზონას ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენელმა ნადეჟდა ტიხონოვამ თავდაპირველად 10-წლიანი სასჯელი მოითხოვა, თუმცა ადრე გამოტანილი განაჩენებიდან გამომდინარე სასამართლოს 13 წელი შესთავაზა.

სისხლის სამართლის ახალ საქმეზე პროცესი 15 თებერვალს დაიწყო. სხდომები N2 კოლონაში მიმდინარეობს, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის მას შემდეგ, რაც ივ როშეს საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს.

თაღლითობის შესახებ პროკურატურამ საქმე 2020 წლის ბოლოს აღძრა. გამოძიების მტკიცებით, ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ფონდებში იყო ჩარიცხული. სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის საქმე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვეტერანის მიმართ ცილისწამების საქმეზე პროცესი დაიწყო. საქმე 2021 წლის მაისში აღძრეს, შემდეგ კი თაღლითობის პროცესთან გააერთიანეს.


close დახურვა