logo
ENG



რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ საქმე აღძრა

20 მარ 202317:17
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე 4 პირის წინააღმდეგ აღძრა. კერძოდ, საქმე აღიძრა იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცეს.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებათა კომისრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა აშკარად უკანონოა, "ვინაიდან არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი".

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე. 

მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა. 

ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის "მნიშვნელობა არ აქვს.


close დახურვა