რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის პრემიერმინისტრის შეფასებების საპასუხოდ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა. საგარეო უწყებაში ამტკიცებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი "ქვეყანას დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად აქცევს".
"სახეზეა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობის მოშორების მცდელობა, ბრალის მოსკოვზე გადატანით", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არადამაჯერებლად მიიჩნევს რუსეთისა და ODKB-ს შეცდომებზე ბრალდებებს და ასევე ამტკიცებს, რომ "2020 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციისა და პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა მთიან ყარაბაღში სომხეთის სრული დამარცხების თავიდან აცილება".
ის ფაქტი, რომ მთიანი ყარაბაღი კვლავ აზერბაიჯანის კონტროლს უბრუნდება, განცხადებაში აიხსნება იმით, რომ ფაშინიანი "დასავლეთის შეგონებებს მიენდო" და აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის არსებობდა ერთგვარი "ჯენტლმენური შეთანხმება მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მომავალი თაობებისთვის დაეტოვებინათ".
კვირას ნიკოლ ფაშინიანმა სატელევიზიო მიმართვაში კვლავ გააკრიტიკა რუსეთი მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა "არაეფექტურობა" უსაფრთხოების იმ სტრუქტურებისა, რომელშიც სომხეთიც შედის.
ფაშინიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა არ დაარღვია თავისი სამოკავშირეო ვალდებულებები, "მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ უსაფრთხოების სისტემებმა და მოკავშირეებმა, რომლებსაც ჩვენ მრავალი წელი ვეყრდნობით, დასახეს ამოცანა, ეჩვენებინათ ჩვენი დაუცველობა და გაამართლონ სომეხი ხალხისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქონის შეუძლებლობა".