logo
ENG



რუსეთის სინოდმა ბელარუსის ეკლესიის წინამძღვარი შეცვალა

25 აგვ 202021:02
3 წუთის საკითხავი
clock 911
7hnwsahntzf7t8l.jpg

მოსკოვის საპატრიარქომ ბელარუსის ეკლესიის წინამძღვარი შეცვალა. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს პრესსპიკერმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის ეკლესიის წინამძღვარმა, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტმა პავლემ გადადგომა თავად ითხოვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს.

პავლეს ნაცვლად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ბორისოვსკის ეპისკოპოსი ვენიამინი (ტუპეკო) დანიშნა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიტროპოლიტმა პავლემ მორწმუნეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ბოდიშს იხდიდა  ლუკაშენკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაადრევად მილოცვის გამო. 17 აგვისტოს პაველმა მილიციის მიერ დარბეული დემონსტრანტებიც მოინახულა.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე ან იქ მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დააკავეს.


close დახურვა