logo
ENG



რუსეთის ტერორიზმის სპონსორად ცნობის შემდეგ, ევროპარლამენტის ვებგვერდი კიბერშეტევის ქვეშაა

23 ნოე 202220:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/23/1batrkxu3b18fv6.jpeg

რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობის შემდეგ, ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი კიბერთავდასხმის ქვეშაა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებელი კრემლის მომხრე დაჯგუფებაა.

"ჩვენი IT ექსპერტები წინააღმდეგობას უწევენ და სისტემას იცავენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოვაცხადეთ. ჩემი პასუხია: დიდება უკრაინას", - წერს ის.

დღეს ევროპარლამენტის კანონმდებლებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნეს - ამასთან, აღიარეს სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროკავშირს ოფიციალურად არ შეუძლია სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად გამოაცხადოს, ევროპარლამენტი მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაატარონ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოები და რუსეთის ამ სიაში შეყვანა განიხილონ. მათი თქმით, ეს მოსკოვის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას შეუწყობს ხელს.

დეპუტატები საბჭოს მოუწოდებენ, რომ EU-ს ტერორიზმის სიაში შეიყვანონ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, ასევე ე.წ. კადიროველები და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა სამხედრო ჯგუფები. მათივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი მეტად უნდა იზოლირდეს, მათ შორის ეს უნდა შეეხოს საერთაშორისო ორგანიზაციებში მის წევრობას.

რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან მალევე, ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბეს კიევიც. ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელ სექტორი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი, ხოლო დაშავდა — 6.


close დახურვა