რუსეთში ქალაქ ირკუტსკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა.
ინფორმაციას აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის რეგიონის ხელმძღვანელი, იგორ კობზევი ავრცელებს.
„პირველადი მონაცემებით SU თვითმფრინავი დაეცა 2-სართულიან სახლს ირკუტსკში“ - განაცხადა მან.
მედიის ცნობით, ეს საბრძოლო ტიპის Su-30 თვითმფრინავია, რომელიც თვითმფრინავების მშენებელი საწარმოდან აფრინდა. შემთხვევა ნოვო-ლენინოს დასახლებაში მოხდა.
ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ან დაღუპულები.
რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია RIA Novosti გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საბრძოლო თვითმფრინავი Su-30 სატესტო ფრენისას ჩამოვარდა.
მედიის ცნობით ხანძარი 200 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.
სხვადასხვა ტელეგრამ არხზე ვრცელდება ხანძრის ამსახველი ვიდეოები, რაც სავარაუდოდ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.
17 ოქტომბერს რუსეთში, ქალაქ იეისკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი Су-34 სასწავლო ფრენას ასრულებდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დაზიანდა კორპუსი, ცეცხლი პირველიდან მეხუთე სართულამდე გავრცელდა.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი, 19 კი დაშავდა.