მორიგი ცინიზმი და კრემლის ჰიბრიდული შეტევა. თბილისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურების საფარი ორგანიზაცია, რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სოვა" ფონდ „რუსულ სამყაროზე" დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრის გახსნას უარყოფს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. კრემლის მსგავსი განზრახვის შესახებ გრიგორი კარასინმა სწორედ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცენტრის არსებობას უარყოფს საგარეო უწყებაც, თუმცა იმ ფონდის ვებ გვერდზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ამ ორგანიზაციების საქმიანობას უზრუნველყოფს, მითითებულია, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დეპარტამენტში მდებარეობს.
რუსეთის ყოფილ საელჩოში, ახლა კი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში არ ადასტურებენ, რომ რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა. შენობასთან, სადაც რუსეთის ვიზების ასაღებად მოქალაქეების რიგი დგას, დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ. ინფორმაციას არ ადასტურებენ რუსული ინტერესების სექციის შიგნითაც.
რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრის გახსნას არ ადასტურებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილე - ზურაბ აბაშიძეც.
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დღეს პოლიციის შესამჩნევი მობილიზება იყო. შენობასთან პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა, თუმცა მისვლის მიზეზები არ განუმარტავთ და მხოლოდ ის თქვეს, რომ წესრიგს იცავდნენ.
კულტურის ცენტრის გახსნის მიმართ სერიოზული კითხვები აქვთ ოპოზიციაში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შვეიცარიის საელჩოში რუსული კულტურის ცენტრი საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ვერ გაიხსნება. ამიტომ ისინი განმარტებებს ითხოვენ და ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
