რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინული ქალაქი ბოროდიანკა, რომელიც დედაქალაქ კიევიდან 50 კილომეტრში მდებარეობს სრულად განადგურებულია.
1-ლ მარტს რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაინგრა ბოლო 2 საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ქალაქში იყო დარჩენილი.
დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს ინტენსიური ცეცხლის და სამხედრო თავდასხმების კვალი.
4 მარტს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, რუსი სამხედროები ამ დროს ფეხით გადაადგილდებოდნენ.
5 მარტის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დროებით კონტროლი დაამყარეს ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე, სადაც 700-მდე პაციენტი იყო მოთავსებული.
ამ დროისთვის გუბერნატორი ოლექსი კულება ამბობდა, რომ ბოროდიანკას წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
რუსმა თავდამსხმელებმა ქალაქი უკვე დატოვეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ბოროდიანკაში მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა დიდი იყოს.
"კიევის, ჩერნიჰივის და სუმის ოლქებში რუსებმა ჩაიდინეს ის, რაც ადგილობრივებს ნაცისტების ოკუპაციის დროსაც კი არ განუცდიათ". - თქვა მან.