logo
ENG



რუსეთმა, სარემონტო სამუშაოების საბაბით, ევროპას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება შეუწყვიტა

31 აგვ 202211:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/31/o48gmdg4xdk9x5d.jpg
Getty Images

რუსეთმა ევროპას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება შეუწყვიტა. როგორც რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, Nord Stream 1-ის გაზსადენს შეკეთება სჭირდება და სამუშაოების გამო მომდევნო 3 დღე ევროპისთვის გაზის მიწოდებას აჩერებენ.

Nord Stream 1 გაზსადენი რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიის ჩრდილო აღმოსავლეთამდე აღწევს, მისი სიგრძე 1 200 კმ-ია. გაზსადენი 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით ყოველდღიურად 170 კუბური მეტრი გაზის გაშვებაა შესაძლებელი.

გაზსადენმა ივლისში 10 დღით შეწყვიტა მუშაობა, რუსეთმა მიზეზად ამ შემთხვევაშუც შეკეთების სამუშაოები დაასახელა. მას შემდეგ გაზსადენი საკუთარი მოცულობის 20%-ით მუშაობდა - რუსეთის თქმით, ამის მიზეზი დაზიანებული აღჭურვილობაა.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ გაზის მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა გაზის ფასების გაზრდის მიზნით ხდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი გაზის ფასი უკვე 400%-ითაა გაზრდილი.

რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ ენერგორესურსებს დასავლური სახელმწიფოების მხრიდან სანქციების დაწესების გამო მათი დასჯის მიზნით იყენებს.

საფრანგეთის ენერგორესურსების გადაცემის მინისტრმა ანიეს პანიე-რუნაჩერმა რუსეთი "ომის იარაღად გაზის გამოყენებაში" დაადანაშაულა.

მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაზპრომმა თქვა, რომ ფრანგულ კომპანია Engie-ს გაზის მიწოდებას შეუწყვეტდა.

პრეზიდენტი პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც გაზის მიწოდებას ხელს უშლის ის "ტექნოლოგიური პრობლემებია", რაც დასავლურმა სანქციებმა გამოიწვია.

1 კვირის წინ კი კანადამ შეაკეთა რუსული გაზსადენის 6 ტურბინიდან ერთ-ერთი, რომელსაც რუსეთი გაზის მიწოდების შემცირების მიზეზად ასახელებდა და შეკეთებული ნაწილი რუსეთისთვის გადასაცემად გერმანიაში გაგზავნა. თუმცა რუსეთმა ტურბინის უკან მიღებაზე უარი თქვა, რადგან, მათი თქმით, ეს სანქციების პირობებს არღვევდა. გერმანია ამ ინფორმაციას უარყოფს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი კი აცხადებს, რომ გაზსადენი სრულად ფუნქციური იყო და რუსეთის მიერ დასახელებული ტექნიკური პრობლემები სინამდვილეში არ არსებობდა.

კვირის დასაწყისში, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ენერგიის მიღების ახალი მოდელი.  

„ჩვენ ელექტროენერგიისთვის ახალი საბაზრო მოდელი გვჭირდება, რომელიც ნამდვილად ფუნქციონირებს და ჩვენთვის ბალანსს დააბრუნებს“ - განაცხადა მან.

გასულ კვირას, BBC-მ განაცხადა, რომ რუსეთი ფინეთის საზღვართან არსებულ ქარხანაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ღირებულების გაზს წვავს.

 

close დახურვა