რუსული რაკეტა ჩამოვარდა ოდესაში მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად შავი ზღვის საპორტო ქალაქში იმყოფებოდა.
ზელენსკი არ დაშავებულა, თუმცა განაცხადა, რომ საკმაოდ ახლოს იმყოფებოდა, რათა დაენახა და გაეგონა აფეთქება და დაადასტურა, რომ იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
"დღეს ჩვენ ვნახეთ რაკეტის დარტყმა. ხომ ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, მათთვის სულ ერთია, სად დაარტყამენ. ვიცი, რომ იყო მსხვერპლი, ჯერ ყველა დეტალი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაშავებულები და დაღუპულები", - განაცხადა ზელენსკიმ ოდესაში ყოფნის დროს.
მიცოტაკისის თქმით, ზელენსკიმ მას ქალაქი დაათვალიერებინა.
"მალევე, როდესაც მანქანაში ვსხდებოდით, ძლიერი აფეთქების ხმა გავიგონეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის საუკეთესო, ყველაზე ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ აქ ნამდვილი ომი მიმდინარეობს", - უთხრა მიცოტაკისმა ჟურნალისტებს.
რუსეთი უკვე რამდენიმე თვეა ოდესას რაკეტებით ბომბავს. შაბათს საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი.