გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ოკუპირებული ხერსონის მარცხენა სანაპიროზე გაეროს-ს წარმომადგენლების შეშვებაზე.
გაერო-ს წარმომადგენლები კახოვკას ჰესის განადგურების შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. რუსეთის უარის მიუხედავად, გაერო-ში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას დაზარალებულ ხალხთან წვდომის მოსაძებნად.
"გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის დანგრევით. რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესახებ. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესაბამისად", - აცხადებენ გაერო-ში.
6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.
ამავე თემაზე: